2016 წლის 21 იანვარს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა გაგა გომართელის ახალი ლექსების კრებულის - „ვედრება“ წარდგინება, რომელიც პოეტმა მიუძღვნა მეგობარს ილია (კოკა) ჯავახიას ხსოვნას. წიგნის რედაქტორი: ედუარდ უგულავა. „ვედრება“ ავტორის რიგით მეორე კრებულია. წიგნში შესულია სხვადასხვა ჟანრის ლექსები. საღამოზე გაგა გომართელმა წაიკითხა საკუთარი შემოქმედებიდან ლექსები. ღონისძიებას ესწრებოდნენ: პოეტები, მეგობრები, მოწვეული სტუმრები. საღამო მუსიკალურად გააფორმა ფოლკლორულ ანსამბლ „შავნაბადას“ ბავშვთა სტუდიის ანსამბლმა. „ ამ წიგნში თავმოყრილი ლექსებიდან მკითხველი ნათლად ჩასწვდება ავტორის სულიერ სამყაროს, იგრძნობს თუ რა შინაგანი ბრძოლები აქვს გამოვლილი პოეტს, ვიდრე ამ ყოველივეს ლექსად დაწერდა და, რაც მთავარია, დაინახავს მის სულიერ პორტრეტს. გაგა გომართელი საინტერესო პოეტია და, რაც მთავარია, მართალი პოეტი, რაც ასე იშვიათია პოეზიაში. იგი სულით-ხორცამდე ქართველია, უყვარს სამშობლო, უფრო მეტიც, აღმერთებს მას. ვულოცავ, ჩემ მეგობარს ამ მშვენიერი წიგნის გამოცემას და იმედს ვიტოვებ, რომ ის არაერთხელ გაახარებს მკითხველს თავისი შემოქმედებით“ - გვითხრა პოეტმა, წიგნის „ვედრება“ რედაქტორმა ედუარდ უგულავამ.

 

 

 SemoqmedebiTi