2015 წლის 25 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ახალგაზრდული ცენტრის ახალი პროექტის - „შემეცნებითი სასკოლო კლუბი“ - მონაწილე მოსწავლეთა საკონფერენციო თემების პირველი მოსმენა. მონაწილეობდნენ თბილისის 49-ე, 191-ე, 62-ე და ჭიათურის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც წაიკითხეს „შემეცნებით საუბრებზე“ განხილული საკითხების მიხედვით შერჩეული და დამუშავებული (სამეცნიერო ნაშრომი, ესე, ჩანახატი, ნახატი და სხვ.) თემები. საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება შემოდგომით, სადაც მოსწავლეები პირველ მოსმენაზე მიღებული კონსულტაციების გათვალისწინებით წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს. კონფერენციის მონაწილეები დაჯილდოვდებიან სიგელებით, საუკეთესოები კი, წამახალისებელი პრიზებით. მოსმენას ესწრებოდა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარე ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი). მეუფემ დალოცა პროექტში მონაწილე მოსწავლეები და დაასაჩუქრა თავისი წიგნით - „ღმერთო შეწევნასა ჩემსა მოხედენ“ . საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ახალი პროექტი „შემეცნებითი სასკოლო კლუბი“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. „შემეცნებითი საუბრების“ ციკლი მოიცავს ღვთისმეტყველება/ფილოსოფიის, ისტორიის, ხელოვნების და ფსიქოლოგიის სექტორებს. კლუბის მიზანია მოსწავლეები უკეთ გაეცნონ საქართველოს ისტორიულ წარსულს (ისტორიის სექტორი), ქართული კულტურის ღირსშესანიშნაობებს (ხელოვნების სექტორი), ქრისტიანობის არსს და სამყაროს შემეცნების სახეებს (ღვთისმეტყველება/ფილოსოფიის სექტორი), საკუთარი თავის შეცნობის, სხვებთან ურთიერთობების, მომავალი პროფესიის არჩევის შესაძლებლობებს (ფსიქოლოგიის სექტორი) და ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას, ქრისტიანული ღირებულებების, ისტორიის და კულტურის უკეთ გაცნობას. შემეცნებით საუბრებს წარმართავენ სექტორების შესაბამისად მოწვეული სპეციალისტები ან სასულიერო პირები. საუბრები, სექტორების შესაბამისად, იმართება ყოველდღე 16:00 სთ-ზე ოთხშაბათის და შაბათ-კვირის გარდა. ოთხშაბათი დღე, თვეში ერთხელ, ეთმობა მოსწავლეთა შეხვედრებს საზოგადო მოღვაწეებთან, ცნობილ ადამიანებთან. ყოველდღიური შემეცნებითი საუბრები საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში 15 მაისს დასრულდა და განახლება ოქტომბრის დასაწყისში.

 

 SemoqmedebiTi