2014 წლის 12 მარტს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ნიკო ბაგრატიონის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის სასწავლო-შემეცნებით და შემოქმედებით კონკურში ,,სამეფო გვირგვინიმონაწილე მოსწავლეთა (VII-XI კლასი) დაჯილდოება.
ნიკო ბაგრატიონის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის მიერ დაფუძნებულმა სასწავლო-შემეცნებითმა და შემოქმედებითმა კონკურს-ფესტივალმა ,,სამეფო გვირგვინიდიდი აღიარება მოიპოვა 2012-2013 სასწავლო წელს. კონკურსში 150 აღსაზრდელმა მიიღო მონაწილეობა.
კონკურსის მიზანია გამოავლინოს და წაახალისოს ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლეები, გააძლიეროს მათი ორიენტაცია ქრისტიანულ, ეროვნულ და ტრადიციულ ფასეულობებზე, კულტურაზე; ყურადღება გაამახვილოს ქართველ მეფეთა, ღვთისმსახურთა, წმინდანთა, მხედართმთავართა, ქართველ ხელოვნების მოღვაწეთა ცხოვრებასა და დამსახურებაზე. კონკურსი ჩატარდა დევიზით - ,,მამული, ენა, სარწმუნოება, მეფე’’.
წელს, კონკურსში  მონაწილეობდნენ  ნიკო ბაგრატიონის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის, თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლების და  ქ. ტყიბულის სკოლების VII-XI კლასის   მოსწავლეები. კონკურსის პირობების თანახმად, გაიმართა შემდეგი ღონისძიებები:   კონფერენცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, ისტორიაში, მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ღვთისმეტყველებაში (კატეხიზაცია ბიბლიაში). აგრეთვე, მხატვართა, ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის და მოსწავლეთა შემოქმედებითი კონკურსები .
სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა 17 გამარჯვებული მონაწილე - პირველი ადგილი.  18 მონაწილე - მეორე ადგილი.  გამარჯვებული  მონაწილეები დაჯილდოვდნენ  სპეციალური დიპლომებით, ხატებით და წიგნებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: მამა გიორგი გუგუშვილი,  ნიკო ბაგრატიონის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის დირექცია: დირექტორი ია ბაგრატიონ-მუხრანელი, ნიკოლოზ ამირეჯიბი, გიორგი ჩხიკვიშვილი, ზაზა ჩიქოვანი, ტარიელ გრიგოლია, გოჩა გოგუაძე, ასევე, სხვა პედაგოგები,  მოსწავლეები  და სხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები.

სკოლა-ლიცეუმი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა. სასწავლო პროცესი წარიმართება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პროგრამების მიხედვით. დამატებით, რელიგიურ-საგანმანათლებლო პროფილის შესაბამისად ისწავლება: კატეხიზმო (კატეხიზაცია-მომზადება), ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები, ეკლესიის ისტორია, საქართველოს ეკლესიის ისტორია, წმინდანთა ცხოვრება, საეკლესიო სამართლის საფუძვლები, ხატვა, გალობა, ასევე, ქართული სიმღერა, ცეკვა და სხვ. მსურველთათვის გათვალისწინებულია სპორტულ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშთა კრებული. სკოლა-ლიცეუმს ჰყავს მოძღვარი.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გამუდმებით შეგვახსენებს მოზარდის აღზრდის დიდმნიშვნელოვან საქმეში ოჯახის, სკოლისა და ეკლესიის ერთობლივი მონაწილეობის შესახებ, მოსწავლეთათვის ჩვენს სახელოვან წინაპართა დიდ მამულიშვილურ და საგმირო საქმეთა გაცნობის აუცილებლობას. აღნიშნული ფესტივალის, კონფერენციისა და მხატვრული ტურების ჩატარების აუცილებლობა სწორედ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევის გამოძახილს წარმოადგენს.

 

 SemoqmedebiTi