2014 წლის 22 იანვარ, დევნილთა სოლიდარობის ცენტრმა, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, გამართა ლიტერატურულ საღამო - „შიდა ქართლი“.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ  შიდა ქართლის რეგიონიდან დევნილობაში მყოფი 12 შემომქმედი. მათ შორის იყვნენ, როგორც ფართო საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ავტორები, ისე დამწყები ლიტერატორები.
ლიტერატურული საღამო მიეძღვნა მშობლიური საცხოვრებელის მონატრებას და მშობლიურ ჭერქვეშ დაბრუნების სამოქალაქო ინტერესს.
სულ ერთი წლის ისტორია გვაქვს. ჩვენი ცენტრი ითვალისწინებს სამოქალაქო მოძრაობას და იმ დევნილთა სოლიდარობის შექმნას,  რომლებიც   დღეს  მთელი საქართველოს მაშტაბით არიან დაქსასულები. ამ ენერგიის კონსოლიდაცია გვინდა. დღეს წარმოდგენილი  არის შიდა ქართლის, ლიახვის ხეობისა და ცხინვალის რეგიონის დევნილი საზოგადოება.  წარმოდგენილია 12 პოეტი, რომლებმაც  წაიკითხეს  შიდა ქართლის თემატიკაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები. მოწვეული სტუმრები ჩამოვიდნენ გორიდან,  რუსთავიდან  თბილისიდან, მცხეთიდან და სხვადასხვა ქალაქებიდან. ეს წარმომადგენლობითი შეხვედრა არის კიდევ ერთი საშუალება, რომ დევნილი მოსახლეობა შეხვდეს ერთმანეთს, კიდევ ერთხელ გამოხატონ ნება იმისა, რომ  ძალიან  გვენატრება მშობლიური სამაჩაბლო  და გვინდა დაბრუნება. ამ პოეტთა შორის არიან როგორც ქართველები, ისე ოსები, რომლებიც დევნილებად ცხოვრობენ თბილსში. ისინი ქართული სულისკვეთებით გამოხატავენ თავიანთ ოსურ წარმომავლობას და ამავე დროს თავიანთ სახემწიფოებრივ ცნობიერებას. მათი ლექსების მოსმენამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ რა პრობლემაც სამაჩაბლოშია,  ეს არის შექმნილი ხელოვნურად, პოლიტიკური თამაშის შედეგად, თორემ ხალხს ერთად ყოფნა უნდა, ერთად ქმნიან ლექსებს და ერთად კითხულობენ. ეს ლიტერატურული საღამო ამ ერთობის გამოხატულებაა. ჩვენ შემდეგშიც, აქ, ახალგაზრდულ ცენტრში,  გავმართავთ აფხაზეთის დღეებს, სადაც წარმოდგენილი იქნება აფხაზეთის წარმომადგენლობა, როგორც ლიტერატურული ისე საზოგადოებრივი.
დღეს, დევნილთა სოლიდარობის ცენტრმა მოამზადა საგანგებო საჩუქრები, რომელიც გადავეცით ყველა მონაწილე შემომქმედს. ეს საჩუქარი გადაეცა 12 ავტორს.
ეს შეხვედრა არის ძიება იმ სულიერი ძარღვისა, რომ  არ უნდა მოვწყდეთ და დავკარგოთ კავშირი ჩვენს მშობლიურ მხარესთან “. - გვითხრა  დევნილთა სოლიდარობის  ცენტრის,   გამგეობის წარმომადგენელმა გოგიტა მელიქიძემ.
შეხვედრას  ესწრებოდნენ: ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია), სასულიერო პირები, ოფიციალური სრუქტურის წარმომადგენლები:  დევნილთა სამინისტროს  მინისტრის პირველი  მოადგილე  მამუკა ცოტნიაშვილი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  გია გვაზავა და სხვა  მოწვეული სტუმრები.
შეხვედრის ბოლოს ნაჩვენები იქნა შიდა ქართლის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი. სადაც ასახულია დევნილთა სოლიდარობის ცენრის წარმომადგენლობის შეხვედრა  მეუფე ისაიასთან ნიქოზში.

 

 

 SemoqmedebiTi