2014 წლის  15 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი   ილია II,  საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში  მცირე და საშუალო ბიზნესის  დაწყებისა და განვითარების საკითხით დაინტრესებულ ადამიანებს შეხვდა.

პატრიარქმა დამსწრე საზოგადოება  დალოცა, ძველით ახალი წელი მიულოცა და ბიზნესის დაწყების მსურველებს რჩევები მისცა:
„.. მე, ვფიქრობ იმის შესახებ, რომ რაღაცით უნდა დაიწყოს ადამიანმა. ჩვენ იმედი თითქოს  დავკარგეთ, რომ რაღაც გამოსწორდება. ყველაფერი გამოსწორდება, მაგრამ თუ ადამიანმა,  არ იფიქრა თვითონ გამოსწორებაზე, ვერაფერი გამოვა. ხალხი  ელოდება, მთავრობა როდის შექმნის პირობებს. მე  მინდა გაგახსენოთ ამერიკის პრეზიდენტის კენედის სიტყვა:  „ჩვენ  იმას კი ნუ  ველოდებით ამერიკა რას მოგვცემს, ჩვენ ვიფიქროთ იმაზე, ყოველი ჩვენთაგანი რას გააკეთებს ამერიკისათვისო“. ეს შესანიშნავი მაგალითია და ჩვენ უნდა ვიფიქროთ რას გავაკეთებთ ჩვენი სამშობლოსთვის.
მე, კარგად ვიცნობდი ივერი ფრანგიშვილს. თქვენ იცით, მოსკოვში ერთ-ერთი ინსტიტუტის დირექტორი ბრძანდებოდა.  ის მიამბობდა, რომ ხელისუფლებამ მოსკოვში გამოიძახა მეცნიერები და  დაავალა მათ, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აღორძინდეს ეკონომიკა. „ჩვენ დავსხედითო ერთად, მეცნიერებიო. ბევრი ვიფიქრეთო და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე მარტივი და იოლი არის მეფრინველეობის განვითარება“.. ეს მართლაც გააკეთეს და მიაღწიეს დიდ შედეგებს“.
ღონისძიების მონაწილეებმა პატრიარქს   მცირე ბიზნესის  წამოსაწყებად  საკუთარი იდეები გააცნეს. უწმინდესმა და უნეტარესმა მათ მხარდაჭერა აღუთქვა.
შეხვედრას ესწრებოდა კომპანია - „მეღვინეობა ხარება“-ს  დამფუძნებელი, ბიზნესმენი ალექსანდრე ხარებავა, ამავა კომპანიის ანალიტიკური სამსახურის უფროსი თემურ ვეკუა.
„ფერმერთა ასოციაციის  დახმარებით, ჩვენ შევადგინეთ იმ მომხსენებელთა ნუსხა,  რომლებიც  შეიძლება  წარმატებულმა  ფერმერებმა გაუზიარონ სოფლის მეურნეობის სამუშაოებით დაინტერესებულ  ხალხს. ეს არის 15  მოხსენება, რომელიც ეხება სხვადასხვა მიმართულებებს. ისინი სემინარის სახით გაუზიარებენ მსურველებს თავიანთ მიღწევებს, შესაძლო პერსპექტივებს, სიძნელეებს და ა.შ.“ აღნიშნა შეხვედრაზე თემურ ვეკუამ.
შეხვედრის ბოლოს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II -მ დალოცა დამსწრე საზოგადოება, ტკილეული  გადასცა მათ და ბრძანა, რომ შემდეგი შეხვედრა გაიმართება  20 იანვარს, 12:00 სთ-ზე, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში და  საუბარს წარმართავს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე.

 

 

 SemoqmedebiTi