2013 წლის 26 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ზაალ წერეთლის წიგნის „სამი ნევმირებული კანონი“ წარდგინება.
მისასალმებელი სიტყვა  წარმოთქვა დეკანოზმა ბიძინა გუნია და აღნიშნა : „ქართული საეკლესიო გალობა გახლავთ  ადამიანის ღმერთთან სასაუბრო ენა.  მოგეხსენებათ, რაოდენ ღრმად და საფუძვლიანად იქნა ქართველების მიერ  შესწავლილი  ეს ენა, მაგრამ ჟამთა უბედობის გამო ბევრი მათგანი დავიწყებას მიეცა. განსაკუთრებით ის, რაც ნევმებს ეხება. არაერთი  მეცნიერი ცდილობდა  ათწლეულების განმავლობაში გაეშიფრათ ნევმები.  ვფიქრობთ, ბატონ ზაზა წერეთლის მიერ ჩატარებულმა მრავალწლიანმა შრომამ  ახალ სიმაღლეზე აიყვანა ეს საკითხი. დღეს, ჩვენ გვაქვს კრებული რომლითაც შეგვიძლია გავაცოცხლოთ და მოვისმინოთ ეს ადრეული ჰანგები. ასევე მნიშვნელოვანია მომავალშიც   გაგრძელდეს ეს კვლევა“.
შეხვედრა დალოცა გალობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე ) და აღნიშნა:
„დღევანდელი დღე სასიხარულოა თითოეული ჩვენთაგანისათვის. ეს საკითხი, რომელიც სირთულედ იქცა მთლიანად ქვეყნისათვის, ნამდვილად საჭიროებდა  დროულ თანადგომას. ეს წიგნი, შეიძლება პირველ საფეხურად  ჩაითვალოს ნევმირებული საგალობლების კრებულთა გამოცემის  საქმეში.  ჩვენ ვიცით, რომ ამ კვლევებზე ბევრი დიდი მეცნიერი  მუშაობდა, მაგრამ ალბათ ერთერთი მნიშვნელოვანი წვლილი ამ საკითხის კვლევაში არის ბატონი ზაზას ეს კრებული, რომლის გამოცემაში ბევრ ადამიანს მიუძღვის წვლილი. გვაქვს იმედი, რომ მომავალში უფრო წონადი კვლევები განხორციელდება ამ მიმართულებით“.

შეხვედრაზე წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს თვით ავტორმა, ზაალ წერეთელმა და  მუსიკოლოგიის დოქტორმა დავით შუღლიაშვილმა.
ღონისძიებაზე წმ. გიორგი მთაწმინდელის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულებმა, წარმოადგინეს კრებულიდან ორი გალობა ანტიფონური შესრულებით.   საღამოზე მონაწილეობა მიიღო  აგრეთვე ანჩისხატის გუნდმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: რუსთაველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), მუსიკოლოგები, გალობის მკლევარები, მგალობლები.
წიგნი დაიბეჭდა საქართველოს საპატრიარქოს გალობის ცენტრის ხელმძღვანელის, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტის, დავითის (მახარაძე) ლოცვა-კურთხევით. წიგნში შესულია აღდგომის, შობის და ღმრთისმშობლის პარაკლისის ნევმირებული კანონები. პუბლიკაციის მიზანია სათავე დაუდოს ძველი ქართული ნევმური სისტემისა და სრულად გალობის ტრადიციის ხელახალ დამკვიდრებას ქართულ ეკლესიაში. იგი განკუთვნილია მგალობელთა გუნდებისა და მუსიკოლოგებისათვის, აგრეთვე ამ საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის.

 

 

 SemoqmedebiTi