2013 წლის 15 ოქტომბერს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა რუსეთის მართლმადიდებელ მეცენატთა კლუბისა და მათი ქართველი პარტნიორების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო გამოფენა: „სახელობითი ხატი - ისტორია და თანამედროვეობა“ .

გამოფენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა.
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გამოფენის ორგანიზატორები და მონაწილეები დალოცა.

"დღეს, ჩვენ გვაქვს დიდი სიხარული, წმინდა ხატები ჩამოვიდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან. ჩამოვიდა იმ წმინდა მონასტრიდან, სადაც მე რვა წლის განმავლობაში ვსწავლობდი სემინარიასა და აკადემიაში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ გაუგებრობა, რომელიც არსებობს რუსეთსა და საქართველოს შორის, მოგვარდება. ჩვენი ურთიერთობა დამშვიდდება, ჩვენ კვლავ ვართ და ვიქნებით ძმები და მეგობრები. მადლობას ვწირავ ჩვენს სტუმრებს. ღმერთმა დალოცოს რუსეთი და საქართველო" - ბრძანა შეხვედრაზე უწმინდესმა.
პატრიარქმა რუსეთის მართლმადიდებელ მეცენატთა კლუბის თავმჯდომარეს, ანდრეი პოკლონსკის საჩუქრად ოქროს სამაჯური გადასცა.

გამოფენას ესწრებოდნენ: რუსეთის მეცენატთა კლუბის თავმჯდომარე ანდრეი პოკლონსკი, მისი ქართველი პარტნიორი ანდრია დევდარიანი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერესიმე (შარაშენიძე), სენაკის, ჩხოროწყუსა და ავსტრალიის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სასულიერო პირები საქართველოდან და რუსეთიდან, ქართველი და რუსი ბიზნესმენები, ჟურნალისტები. საგალობლები სიონის საპატრიარქო ტაძრის მგალობელთა გუნდმა შეასრულა.

გამოფენაზე წარმოდგენილია 40 ხატი, როგორც ორიგინალი, ასევე მათი ასლები, რომელთა უმრავლესობა რამდენიმე საუკუნის წინ რუსეთის დიდგვაროვანთა ოჯახებში იყო დაწერილი. გამოფენა პირობითად სამ ჯგუფად იყოფა: ა) XIV-XVIII საუკუნეების ხატები, რომელიც დაცულია რუსეთის წმ. სამების - სერგი რადონეჟელის ლავრაში, ბ)თანამედროვე ხატები, წარმოდგენილი რუსეთის თანამედროვე ხატმწერთა სკოლებიდან და გ) წმინდანთა ხატები სიწმინდეებითურთ.

„სახელობითი ხატი“ („Мерная икона“) XVI საუკუნიდან იღებს დასაბამს. თუმცა მოგვიანებით, ეს ტრადიცია დავიწყებულ იქნა. XX საუკუნის ბოლოს, რუსეთის მართლმადიდებელ მეცენატთა კლუბმა დაიწყო ამ საკითხთან დაკავშირებით მეტად წარმატებული საინფორმაციო -საგანმანათლებლო საქმიანობა.
„სახელობითი ხატი“ წარმოადგენდა ახალადშობილის მფარველი ანგელოზის ხატს, რომლის ზომა ზუსტად შეესაბამებოდა ბავშვის სიმაღლეს. ტრადიციის მიხედვით, ამ ხატს ახალშობილ ყრმას მისი ახლობლები ნათლობის დღეს ჩუქნიდნენ. ხატი ადამიანს აძლევდა საშუალებას, რათა მას მთელი ცხოვრების მანძილზე ხსომებოდა ნათლობის მნიშვნელობა და არ მოკლებოდა მისი მფარველი წმინდანის მადლი.

რუსეთის ბიზნესმენების (მეცენატთა კლუბის თავმჯდომარე ანდრეი პოკლონსკი) და მათი ქართველი პარტნიორის, ბატონ ანდრია დევდარიანის ინიციატივით საქართველოს ისტორიაში პირველად ჩამობრძანდა რუსეთიდან უძველესი და უნიკალური ხატები.

შევნიშნავთ, რომ რვა წელზე მეტია, რუსეთის მართლმადიდებელ მეცენატთა კლუბი ანხორციელებს ამ პროექტს როგორც რუსეთში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
გამოფენა, წარმატებით გაიმართა სხვადასხვა ქალაქში; კერძოდ ტალინში, რიგაში, პრაღაში, ლონდონში, საფრანგეთში, ბელგიაში, ლუქსენბურგში, მალტაში, ნიცაში. ამჟამად მისი მასპინძელი თბილისია.

ექსპოზიცია 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

 

 

 SemoqmedebiTi