30 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა მიხა ხელაშვილისადმი მიძღვნილი წიგნის "ლექსო ამოგთქომ ოხერო" _ წარდგინება.

ღონისძიება პოეტ ია ქადაგიძის და წიგნის ავტორის გიგი ხორნაულის ორგანიზებით გაიმართა.

წიგნში შეტანილია ეპიზოდები მიხა ხელაშვილის ცხოვრებიდან, ძველი და ახალი ლექსები, რომელიც ბატონი გიგის ოჯახმა შემოუნახა საქართველოს და ჩვენს მკითხველს. დღეს კი საზოგადოებას საშუალება ეძლევა გაეცნოს ახალ წიგნს, რომელიც გიგი ხორნაულის და ნანა კოტეტიშვილის ერთობლივი ძალებით გამოიცა.

მიხეილ (მიხა) ხელაშვილი ქართველი სახალხო პოეტია. დაიბადა 1900 წელს, გარდაიცვალა 1925 წელს. 1920-იან წლებში იგი ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და "შეფიცული რაზმის" წევრი იყო.

იგი ავტორია პოპულარული ლექსებისა (.. "ლექსო ამოგთქომ"), რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ ხელაშვილის მშობლიურ ფშავში. 1922-1924.. მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში. გავრცელებული ვერსიით საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობარმა. სხვა ვერსიით დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს. საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითებების გარეშე.

 

 

სამშობლო დედის ძუძუა

"დავსტირი ქვეყნად მავალი, გულ ვერსად დავამყარეო,

ჩემთვის ვინც კარგი მეგონა, დღე მისგან ვნახე მწარეო."


შენი ჭირიმე, სამშობლოვ, აი, შენ გენაცვალეო!

ისევ შენს მკერდზე მოვკვდები, ჩემო სამშობლოს მხარეო.

რორცა შენ ჩამოგშორდები, მუდამ გული მაქვს მწარეო.

სადაც ვცხოვრობდი და სადაც მივიარ-მოვიარეო,

ისევ ის მამაგონდება, იმით ვარ მგლოვიარეო.

მთანო და გორნო, ყვავილნო, სალამი დამიბარეო,

მოკითხვა სიპზე დასწერე, მკერდზეით აიყარეო

და იმას გამაატანე, რორცა მოვალის მთვარეო,

რო მოეფინოს შენს კალთებს მის შუქი მოელვარეო.

დიდს ფიქრს ვეძლევი, სამშობლოვ, აწ სიკვდილს მივეჯარეო.

სიკვდილო, შორსა ჩემგანა, ახლოს ნუ მომეპარეო,

ეხლა ნუ მამკლავ, რორცა მე სამშობლოს გავეყარეო!

ღმერთო, ცოდვისგან დამიხსენ, შენ ხელი დამაფარეო,

ღმერთო, შენ მადლი მფარვიდეს, სამშობლოს ჩამაბარეო,

ჩემს მამა-პაპის გვერდზედა სამარე გამითხარეო!

ცოცხალმ ვერ ვნახე სამშობლო, ღმერთო, მკვდარს შემომყარეო

და იმის ბედნიერებით, ცოდვილ, მეც გამახარეო!

1917 წელი, ბარისახო.

 

 SemoqmedebiTi