2015 წლის 25 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილების ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II -ის აღსაყდრებიდან 38-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 2013 წელს ხალხური რეწვის ოსტატთა მიერ შესრულებული ქართველი მეფეების ვახტანგ VI -ისა და თეიმურაზ II-ის სამეფო სრული შესამოსელი და მეფეთა სარკოფაგების საფარებლები, ოქრომკედით ნაქარგობა, საერო და საეკლესიო დანიშნულების ნივთები, ხევსურული ნაქარგობა, სხვადასხვა შესამოსელი და აქსესუარები, ქართული თექა და ბატიკა, ხელნაკეთი თოჯინები, ხატები, ქართული საბრძოლო იარაღები, ნახატები, თანამედროვე ოსტატების მიერ შესრულებული ხეზე ჭრისა და ქვაზე კვეთის ნიმუშები. გამოფენაში მონაწილეობდნენ: სიონის საპატრიარქო ტაძართან და წმ. სამების საკათედრო ტაძართან არსებული სამრევლო სკოლები, წმ. თამარ მეფის სახელობის სახელოსნო „შროშანი“, ონის სამხატვრო სკოლა, წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა, თბილისის სახელოსნოები და რეგიონებიდან სხვადასხვა ავტორები. ექსპოზიციაზე გამოიფინა ახლადშესვენებული დედა თამარის (ეთერ უროტაძე) მიერ ნაქარგი დაფარნა, რომელსაც ის ქარგავდა სიცოცხლის ბოლო წუთამდე. გამოფენის გახსნას დაესწრო საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარე ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი). მეუფემ გამოფენის ორგანიზატორები და მონაწილეები დალოცა.