1 ნოემბერს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მოეწყო მარო მაყაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო და წიგნ _ `შარავანდედის~ წარდგინება. საღამოზე ისაუბრეს მარო მაყაშვილის ცხოვრებაზე, წაიკითხეს მისდამი მიძღვნილი ლექსები და წერილები.

 

მარო მაყაშვილი დაიბადა 1901 წლის 25 აგვისტოს, ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ოჯახში. მარო იყო ცნობილი პოეტი _ კოტე მაყაშვილის შვილი და ასევე, ცნობილი ქართველი მწერლის _ ეკატერინე გაბაშვილის შვილიშვილი.

იგი სწავლობდა ქალთა ქართულ გიმნაზიაში, რომლის დასრულების შემდეგ ჩააბარა თბილისის უნივერსტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე.

1921 წლის თებერვალში, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიწყო საქართველოს ანექსია, 19 წლის მარო ფრონტზე მოხალისედ წავიდა. დედის გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად ის ჩაეწერა წითელ ჯვარში მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს, სადაც იბრძოდნენ ქართველები საქართველოს დამოუკიდებლობისათვის.

1921 წლის 19 თებერვალი _ მარო მაყაშვილი ხდება ბოლშევიკური რუსეთის მიერ ქართულ მიწაზე აფეთქებული ყუმბარის მსხვერპლი. ის დაგრძალულია ქაშუეთის პირდაპირ მდებარე სამხედრო ტაძრის გალავანთან, საძმო სასაფლაოს გვერდით. დღეს ყველა მათგანის საფლავი დაკარგულია.

მარო მაყაშვილის წაკითხული დღიურებიდან შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ის მეოცნებე გოგონაა და ღრუბლებში დაფრინავს. შეიძლება, ასეც იყო, მაგრამ როცა დრო მოვიდა, ის ყველაზე მყარად დადგა მიწაზე და იდგა მანამ, სანამ მტერმა არ წააქცია. ამიტომაც ქართული დროშით დაასაფლავეს.

1989 წლიდან მოყოლებული მაროზე ძალიან ბევრი დაიწერა, მათ შორის, მას წიგნი _“შარავანდედი” მიუძღვნა ჟურნალისტ და პოეტ-პუბლიცისტმა_ნანა ღვინეფაძემ, რომლის პრეზენტაციაც მოეწყო ამავე საღამოს.



 

 SemoqmedebiTi