2015 წლის 19 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა გურამ დოჩანაშვილის ახალი წიგნის „ბრმადყოფილზე. და..“ პირველი ტომის წარდგინება. ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის პრეზიდენტი ლაშა ჟვანია, საზოგადო მოღვაწეები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ახალგაზრდები. ღონისძიებას უძღვებოდა პოეტი რატი ამაღლობელი. წიგნის წარდგინებაზე არქიმანდრიტმა ელისემ განაცხადა, გურამ დოჩანაშვილი ღმერთმა გამოარჩია და მან ჭარმაგობის ასაკშიც შეძლო შეექმნა დიდი თხზულება. არქიმანდრიტმა ელისემ საუბრისას აღნიშნა, რომ მწერალი უწმინდესს დაჰპირდა, ნაწარმოებს 2 წელიწადში დაასრულებდა, თუმცა ამ ნაწარმოების დასრულებას უფრო მეტი დრო 7 წელი დასჭირდა. არქიმანდრიტმა აღნიშნა, რომ მწერალი გურამ დოჩანაშვილი სამების საკათედრო ტაძრის ლავრაში ორი წელი ცხოვრობდა იმიტომ, რომ ეს ნაწარმოები შეექმნა. წიგნის წარდგინებაზე ითქვა, რომ ნაწარმოებს საფუძვლად უდევს სახარებისეული თემა ბრმად ყოფილის შესახებ. ღონისძიებაზე გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ სახარებისეული თემები გურამ დოჩანაშვილისათვის დამახასიათებელია. „სამოსელი პირველს“ სწორედ ძე ცდომილის შინ დაბრუნების ამაღელვებელი იგავი უდევს საფუძვლად. ღონისძიებაზე შეკრებილებს თავად მწერალმაც მიმართა და ნაწარმოების შექმნის პერიოდი გაიხსენა. „უწმინდესი სულ მარიგებდა და მომცა ძალა, რომ ჩემს ასაკში დამეწერა. სასიხარულოა მკითხველებისგან ამგვარი სიყვარულის მიღება..." - განაცხადა გურამ დოჩანაშვილმა. მწერლის ახალი წიგნის „ბრმადყოფილზე. და..“ პირველი ტომის წარდგინება გაიმართა არქიმანდრიტ იოანესა (მჭედლიშვილი) და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით.