2015 წლის 26 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონფერენცია - „საქართველოს ტყის ეკოსისტემების აღდგენა და მდგრადი მართვა“. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიმართა. კონფერენციას ესწრებოდნენ: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი), ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, კომპანია „J GROUP Global“-ის ხელმძღვანელები და ექსპერტები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების წარმომადგენელები. კომპანია „J GROUP Global“ (JGG) - ის ინიციატივით, საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერითა და გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ისრაელის საერთაშორისო კომპანია „J GROUP Global“ საქართველოს ტყეების გადასარჩენად უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კლიმატის ცვლილების, დაავადებული ხეების, ნიადაგებისა და ხის ჯიშების მეცნიერული შესწავლა და შეიქმნება ახალი ტყეების განაშენიანების პროექტი, ასევე დაგეგმილია ქართული ტყეების მსოფლიო ბრენდად ქცევა. როგორც „J GROUP Global“-ის ექსპერტები აღნიშნავენ, საქართველოს ტყეები წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილს, რომელსაც მსოფლიო მნიშვნელობა აქვს. მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, ქართულ ტყეებს რეალური პერსპექტივა გააჩნია მსოფლიო ბრენდად იქცეს. პროექტში ისრაელის და საქართველოს უნივერსიტეტების მეცნიერები და სტუდენტები ჩაერთვებიან.