2015 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა დეკანოზ სერგი ბარანოვის ახალი დოკუმენტური ფილმის - „არ დამივიწყო...“ წარდგინება-განხილვა.
ღონისძიებას უძღვებოდა პოეტი გიორგი ბუნდოვანი. მამა სერგის დოკუმენტური ფილმი მიმოიხილეს მღვდელმა გურამ ოთხოზორიამ და მონოზონმა სერაფიმამ.
დეკანოზი სერგი ბარანოვი მოღვაწეობს ურალის მხარეში, კერძოდ ქალაქ - ორსკში. იგი გახლავთ წინამძღვარი ორი მონასტრის, არის ხატმწერი, ათონის წმინდა მთაზე ხატავს სკიტებსა და ეკლესიებს, ასევე გახლავთ სცენარისტი და რეჟისორი. მისი სცენარის მიხედვით უკვე არაერთი სპექტაკლი დაიდგა რუსეთში. ერთ-ერთმა ფილმმა - „სინანულის ფილოსოფია“ გრამპრიც კი დაიმსახურა. ძალიან გახმაურებულია მისი ერთ-ერთი უნიკალური ფილმი - „ლიტურგია“. მამა სერგი 20 წელია რაც რუსეთის ყველაზე უმკაცრეს ციხეებში დადის, როგორიცაა - „ჩორნი დელფინი“ და „ბელი ლებედი“, ასევე სხვა ციხეებშიც. ეხმარება და მფარველობს უპატრონო და მძიმედ ავადმყოფ ბავშვთა სახლებს. საქართველოში თითქმის ყოველ წელს ჩამოდის გადაღებებზე.