2015 წლის 11-12 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონკურსის -„ნახატები ბიბლიურ თემებზე“ II ტური - „ხატვის დღე“. საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ფარეშიშვილმა კონკურსანტებს წმინდა წერილიდან, ძველი და ახალი აღთქმიდან, ამონარიდი წაუკითხა, რომლის მიხედვითაც მონაწილებმა შეასრულეს ერთი ნახატი. პარალელურად, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გამოიფინა კონკურსში მონაწილე მოსწავლეთა ნამუშევრები. ხატვის დასრულების შემდეგ ბავშვებს მიეცათ დავალება (შვიდი თემა ძველი და ახალი აღთქმიდან) კონკურსის III ეტაპისთვის, რომელიც უნდა წარმოადგინონ 20 სექტემბრამდე. კონკურსის -„ნახატები ბიბლიურ თემებზე“ II ტურში - „ხატვის დღე“ მონაწილეობა მიიღო 100 -ზე მეტმა ბავშვმა. კონკურსი - „ნახატები ბიბლიურ თემებზე“, მეხუთე წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.