2015 წლის 27 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა იტალიური სკოლის პროექტის - „კალმად ქცეული საჭრეთელი“ წარდგინება.
პროექტის მიზანი: ხალხი საკუთარ თვითმყოფადობას კულტურული მემკვიდრეობის მეშვეობით ინარჩუნებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ამ საქმემ დღეს, ახალი გამოწვევებისა და სირთულეების ფონზე, როდესაც ყველაზე ცხადად გამოიკვეთა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობა.
კაცობრიობისათვის შეუვსებელი დანაკარგია ამ ფასეულობათა განადგურება, რადგან მათი განმეორება ან პირვანდელი სახით აღდგენა თითქმის შეუძლებელია. ისინი ერთგვარი წიგნები არიან, ხოლო მათი შესწავლით მიღებული ცოდნა - კალამია ჩვენს ხელში, რომელიც მომავალში ბევრს დაგვაწერინებს და აგვაშენებინებს. ის შეიძლება შევადაროთ საჭრეთელსაც, რომლითაც მომავალი გამოქანდაკდება. ეს კალმად ქცეული საჭრეთელი იქნება ჩვენი გზავნილი ამ სამყაროში, როგორც გზა და ხიდი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და ახლის შენების გზაზე.
ახალგაზრდა თაობის ჩართულობა საქართველოს და მსოფლიოს კულტურულ ფასეულობათა დაცვის საქმეში საჭირო და აუცილებელია. საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ფასდაუდებელია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერაც აღნიშნული მიზნების მისაღწევად. მათ შორისაა UNESCO - თან არსებული ორგანიზაციები ICOMOS (ძეგლთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი), ICCROM (კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის კვლევის საერთაშორისო ცენტრი) და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
იტალიური სკოლა ყოველთვის უჭერდა და უჭერს მხარს ყველა იმ წამოწყებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს და ახალგაზრდა თაობების განათლებას ემსახურება. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. მომზადდა და განხორციელდა პროექტი -„კალმად ქცეული საჭრეთელი“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს ქალაქი მცხეთა და კონკრეტულად სვეტიცხოვლის ტაძარი, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მოსალოდნელი საფრთხეების შემთხვევაში (ბუნებრივ-კლიმატური თუ სხვა სახის) შესაძლო პრევენციულ ღონისძიებებსაც გაეცნენ.
პროექტზე მუშაობისას გამოიკვეთა მოსწავლეთა კიდევ უფრო მეტი დაინტერესება, ზოგადად, ქრისტიანულ ტაძართან დაკავშირებული საკითხებით. საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ხელშეწყობით მოეწყო შეხვედრები სხვადასხვა მიმართულებით.
პროექტის მხარდაჭერამ გაზარდა მოსწავლეთა დაინტერესება, პასუხისმგებლობა და სიყვარული საკუთარი და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შესწავლის უმნიშვნელოვანეს საქმეში. რომ დავიცვათ უნდა გვიყვარდეს, რომ გვიყვარდეს, უნდა ვიცოდეთ!
V-XII კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს შემდეგი თემები:
1. „ქვაში ამღერებული ჰარმონია” - ქრისტიანული ხუროთმოძღვრების საფუძვლები;
2. „ზეცაში გაჭრილი სარკმელი” - ხატწერა;
3. „ღვთის სახლი, ვითარცა სხეული ჩვენი” - ტაძრის ინტერიერი;
4. „სულის საგალობელი” - საეკლესიო მუსიკა;
5. „რწმენის საძირკველთან” - ლიტურგიკა;
6. „ყოველი სული ადიდებს უფალსა” - ჰიმნოგრაფია;
7. „ოქროფენილნი” - საეკლესიო შესამოსელი;
8 UNESCO-ს საგანმანათლებლო რესურსი;
ღონისძიებაზე იტალიური სკოლის მგალობელთა გუნდმა შეასრულა ხალხური სიმღერები და საგალობლები. გამოიფინა მე-5 კლასელების მიერ საეკლესიო თემაზე შექმნილი ნახატები, ტაძრის მაკეტები და ნაძერწები. ესწრებოდნენ: იტალიური სკოლის დირექტორი მაია ლაგვილავა, დამფუძნებლები - ნათია ბალანჩივაძე, ჰამლეტ ლაგვილავა, დირექტორის მოადგილე ეთერ ხუციშვილი. ამავე სკოლის პედაგოგები: ეკა ჭკუასელი, თამარ ბერიშვილი, ნანა გაბისონია, ნათია სიმონია, თინა მაჩაბელი, დალი ტომარაძე. მოწვეული სტუმრები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტროს, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრისა და ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“, UNESCO-ICCROM და ICOMOS საქართველოს წარმომადგენლები.

 

 SemoqmedebiTi