2015 წლის 7-8 მაისს აბაშის მუნიციპალიტეტში, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, წელს პირველად გაიმართა სასკოლათაშორისო კონკურსი - „კიდევაც დაიზრდებიან“.
კონკურსს ორგანიზება გაუწია აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის საორგანიზაციო ჯგუფმა: გიორგი სიმონიამ, რესურსცენტრის განათლების განყოფილების გამგემ ნათია მელიამ და ამავე განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა მაკა ჩაგანავამ.
კონკურსში - „კიდევაც დაიზრდებიან“ მონაწილეობას იღებდა აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო და საბაზო სკოლების სრული შემადგენლობა. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მხარდაჭერით, კონკურსი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. კონკურსის -„კიდევაც დაიზრდებიან“ მთავარ მიზანს წარმოადგენს აბაშის მუნიციპალიტეტის მოსწავლე -ახალგაზრდობის სულიერი და ეროვნული ღირებულებების სწორი მიმართულებით ჩამოყალიბება, რაც ეფუძნება რწმენასა და ცოდნას.
დებულების მიხედვით კონკურში მონაწილეობის უფლება აქვთ 7-12 წლის ასაკის მოსწავლეებს. კონკურსი -„კიდევაც დაიზრდებიან“ ჩატარდა სამი მიმართულებით: 1. მხატვრული კითხვა (ლექსი ან პასაჟი, მხატვრული ნაწარმოებები ზეპირად); 2. საეკლესიო გალობა ან ხალხური სიმღერა; 3. ინტელექტუალური შეჯიბრი შვიდ დისციპლინაში: საქართველოს ეკლესიის ისტორია, საქართველოს ისტორია, მათემატიკა, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. თითო სკოლიდან წარმოდგენილი იყო თითო გუნდი სამი კაცის შემადგენლობით. ინტელექტუალურ ნაწილში ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კითხვა-პასუხის საშუალებით.
ფინალურ ტურში გამოვლინდა აბაშის მუნიციპალიტეტის ხუთი გამარჯვებული სკოლა: N1 საჯარო სკოლა, N2 საჯარო სკოლა, სოფ. ტყვირის საჯ. სკოლა, სოფ. ზანათის საჯ. სკოლა, სოფ. საგვაზაოს საბაზისო სკოლა. ამ სკოლებიდან II და III ადგილის პრეტენდენტებმა დააგროვეს ქულათა თანაბარი რაოდენობა.
ფინალური ტური გაიმართა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში 2015 წლის 14 მაისს. კონკურსის ფინალს აფასებდნენ: თეოლოგიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბიძინა გუნია, ხელოვნებთმცოდნეობის დოქტორი, სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი მაგდა სუხიაშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის განათლების განყოფილების გამგე ნათია მელია, აბაშის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სოციალური საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი კონსტანტინე ხარძიანი.
ღონისძიებას ესწრებოდა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი.
ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა შემდეგი თანმიმდევრობით: III ადგილი - სოფ. ზანათის საჯ. სკოლა, II ადგილი - სოფ. ტყვირის საჯ. სკოლა, I ადგილი, ქულათა თანაბარი რაოდენობის გამო, გადანაწილდა I და II საჯარო სკოლებზე.