2013 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, გაიმართა ქ. თბილისის N 72-ე საჯარო სკოლის ღონისძიება, სახელწოდებით: „წმინდანიდან, ცოცხალ წმინდანამდე“, რომელიც მიეძღვნა უწმინდესისა და უნეტარესის ილია II –ის აღსაყდრებიდან 36-ე წლისთავს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: ქ. თბილისის N 72-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, ასევე, სიონის საპატრიარქო ტაძრის მგალობელთა გუნდმა. საღამოზე შესრულდა ხალხური სიმღერები და საგალობლები. გამოიფინა ნამუშევრები: თექა, ნაქარგები, ბისერები, ნახატები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურები, საქართველოს საპატრიარქოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.
„საღამო - „წმინდანიდან, ცოცხალ წმინდანამდე“ მიუძღვენით უწმინდესა და უნეტარეს ილია II -ს. ბავშვებმა წაიკითხეს ამონარიდები - წმ. გაბრიელ ეპისკოპოსისა და საქართველოს პატრიარქის ილია II -ს ქადაგებებიდან და ეპისტოლეებიდან. ჩვენი სკოლა მრავალეროვანია. ღონისძიებაში მონაწილეობს სომეხი, აზებაიჯანელი და ქართველი ახალგაზრდები. ბავშვები არაჩვეულებრივად მეტყველებენ, სწავლობენ ქართულად. უყვართ ჩვენი უწმინდესი.“ - აღნიშნა ქ. თბილისის N 72-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ნათელა ნატროშვილმა.
საღამოს ორგანიზატორები: ქ. თბილისის N 72-ე საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა ნატროშვილი, მოადგილე ნანა აბრამიშვილი, პედაგოგი ნანა ხარაზიშვილი.