2013 წლის 14 ნოემბერს საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოსა და ზედგინიძე-ამილახვართა საგვარეულო ფონდის ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ახალი წიგნის - „ამილახვრები“ წარდგინება.
ახალგამოცემული წიგნის შესახებ და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს: ია ბაგრატიონ– მუხრანელმა, ნინო ამილახვარმა, შოთა ზედგენიძემ, თინათინ მჭდლიშვილმა და სხვ.
შეხვედრას ესწრებოდნენ: მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი), თავად-აზნაურთა საკრებულოსა და ზედგინიძე-ამილახვართა საგვარეულო ფონდის წარმომადგენლები, პროფესორ–მასწავლებლები, საზოგადო მოღვაწეები.
შეხვედრა მუსიკალურად გააფორმა: ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მგალობელთა გუნდმა „სამეფო გვირგვინი“ და ფოლკლორულმა ანსამბლმა „სამთავისი“.
წიგნი დაიბეჭდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II –ის ლოცვა-კურთხევით.
წიგნში შესულია მეფისათვის თავდადებული წმ. იოთამ ზედგენიძის პარაკლისი და დაუჯდომელი, ასევე ამილახვართა კავშირის ისტორია, წმ. იოთამ ზედგენიძის ცხოვრების დეტალები, გვარის გამორჩეული წარმომადგენლების -სასულიერო და საერო მოღვაწეთა ცხოვრებანი, თავად ალექსანდრე ამილახვარის ნაშრომი „სიბრძნე აღმოსავლეთისა“.
წიგნის გარეკანზე დატანილია წმ. იოთან ზედგენიძის ახალი ხატი, რომლის ავტორია ხატმწერი მერაბ ჩაკვეტაძე. წიგნს ახლავს ისტორიული ფოტომასალა ამილახვართა სახელმწიფო და საოჯახო არქივებიდან.
წიგნის ავტორი - ნინო ამილახვარი; რეცენზენტები: მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი), მიტროპოლიტი შიო (მუჯირი); კონსულტანტები: იღუმენია ელისაბედი (ზედგენიძე); ზედგინიძე-ამილახვართა გვარის წინამძღოლი შოთა ზედგენიძე; რედაქტორი ია ბაგრატიონ-მუხრანელი; ისტორიკოსები: როინ მეტრეველი, ზურაბ რატიანი.