2013 წლის 15 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, პროექტის „უსინათლო და მცირემხედველთა შემოქმედება“ ფარგლებში, გაიხსნა უსინათლო მხატვართა ნახატების გამოფენა, სახელწოდებით: „შეუძლებელი არაფერია“, რომელიც 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.
გამოფენაზე 30-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი, სამხატვრო აკადემიის რექტორი თინათინ კლდიაშვილი, საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა ზაბახიძე, მხატვარი ლია გურასპაშვილი, უსინათლო მხატვრები და მოწვეული სტუმრები.
უსინათლო მხატვრების გამოფენით პოლონეთიდან ჩამოსული გადამღები ჯგუფი დაინტერესდა. ისინი სულ მალე საქართველოს შესახებ დოკუმენტრ ფილმს მოამზადებენ. ფილმში უსინათლოთა შემოქმედებაზეც ისაუბრებენ.
პროექტის „უსინათლო და მცირემხედველთა შემოქმედება“ ავტორია მხატვარი გიორგი გურასპაშვილი.
პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლოთა ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი ნიჭის პოპულარიზაცია, საზოგადოების ინფორმირება, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.
„უსინათლო და მცირემხედველთა შემოქმედება“ - ორგანიზებაში მონაწილეობენ მხატვრები: ელენე გამგონიძე, არკადი ტურაშვილი, ნიკა გურასპაშვილი.
პროექტის ძირითადი მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
მხარდამჭერები:
საქართველოს უსინათლოთა კავშირი,
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.