7 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ანსამბლ „შვიდკაცა“-ს ახალი ალბომის წარდგინება.
ალბომში შესულია როგორც ხალხური, ასევე ქალაქური სიმღერები. ალბომის წარდგინებამდე ანსამბლმა „შვიდკაცა“-მ ორი სიმღერა: კახური „მრავალჟამიერი“ და გურული „სატრფიალო“ შეასრულეს. ღონისძიებაზე აგრეთვე იმღერეს ანსამბლ „შვიდკაცა“-ს სტუდიის აღსაზრდელებმა.
სტუდიის ბავშვები ძირითადად არიან 5-დან 16 წლამდე ასაკის და 51-ე და 55-ე სკოლის ბაზაზე მეცადინეობენ ხალხურ სიმღერასა და გალობაში.

ღონისძიებაზე წმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა ილია ნასიძემ აღნიშნა: ამიერიდან ყოველ კვირა დღეს ანსამბლ „შვიდკაცა“-ს სტუდიის ბავშვები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესს ილია II-ს საკვირაო ლიტურგიაში მიიღებენ მონაწილეობას.
სტუდიის ბავშვები „მრავალჟამიერი“-ს სიმღერით დახვდებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საპატრიარქოდან _წმ. სამების საკათედრო ტაძარში მობრძანებას.“
ანსამბლი „შვიდკაცა“ _ 2008 წელს წმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტი ილია ნასიძის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა. ყოვლადწმინდა სამების გუნდთან ერთად ანსამბლი „შვიდკაცა“ მონაწილეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შესრულებულ ყოველ ღვთისმსახურებასა და მომლოცველობით მოგზაურობაში - როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ალბომის წარდგინება საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის და ანსამბლ „შვიდკაცა“-ს ხელმძღვანელის, გიორგი ლომთათიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.