წმიდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი
VII საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის
დასკვნითი დოკუმენტი

თბილისი-ცაგერი-ლენტეხი
2019 წლის 21-25 ოქტომბერი



წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კონფერენციები იმართება 2005 წლიდან.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საერთაშორისო საღვთისმეტყველო-სამეცნიერო ცენტრი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.
VII საერთაშორისო კონფერენციის მომზადებასა და ჩატარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხელმძღვანელობდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი).
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ღვთისმეტყველები, პატროლოგები, საეკლესიო ისტორიკოსები, ფილოლოგები, რომლებიც სწავლობენ წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებასა და შემოქმედებას: ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) (წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახ. ცაგერის სასულიერო სემინარია, საქართველო), ივან ხრისტოვი (წმ. კლიმენტი ოჰრიდელის სახ. სოფიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბულგარეთი), პოლ ბლაუერსი (მილიგანის კოლეჯთან არსებული ემანუელის ქრისტიანული სემინარია, ტენესი, აშშ) პავლე დობროცვეტოვი (მოსკოვის სასულიერო აკადემია, სრეტენკის სასულიერო სემინარია, რუსეთი), პეტრე მალკოვი (წმიდა ტიხონის სახ. მოსკოვის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, რუსეთი), ვლადიმირ ცვეტკოვიჩი (ბელგრადის უნივერსიტეტი, სერბეთი), მღ. ალექსანდრე დიაკოვაცი (ბელგრადის უნივერსიტეტი, სერბეთი), მღ. საბა კოკუდევი (წმ. კლიმენტი ოჰრიდელის სახ. სოფიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბულგარეთი), ია მელნიკოვა (წმიდა ტიხონის სახ. მოსკოვის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, რუსეთი), ნატალია გოლოვნინა (წმიდა ტიხონის სახ. მოსკოვის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, რუსეთი), მარიუს პორტარუ (ლათერანის უნივერსიტეტი, რომი, იტალია).
მოხსენებები მიეძღვნა წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებისა და შემოქმედების სხვადასხვა ასპექტს.
კონფერენციის სხდომები გაიმართა თბილისში _ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, აგრეთვე, ცაგერსა და ლენტეხში. კონფერენციის მონაწილეებმა თაყვანი-სცეს წმ. მაქსიმე აღმსარებლის წმიდა ნაწილებს მისივე სახელობის მონასტერში ცაგერში, სადაც აღესრულა პარაკლისი. კონფერენციის მონაწილეთა მოხსენებებს თან სდევდა ცოცხალი სამეცნიერო დისკუსიები, აზრთა ურთიერთგაზიარება წამოწეულ თემებთან დაკავშირებით.
კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს შემდეგი მოხსენებები: ღირსი მაქსიმე აღმსარებლის სწავლება ადამიანის ნების შესახებ და დიმიტრი უზნაძის განწყობის ფსიქოლოგია; ღვთაებრივი განკვირვების სახარება: ღვთაებრივ ტრანსცენდენტურობასთან დაბრუნება და იმანენტურობა წმ. მაქსიმე აღმსარებლის ღვთისმეტყველებაში; ხუთი განყოფის გადალახვის ლიტურგიკული ასპექტი წმ. მაქსიმე აღმსარებელთან; მისტიური აღმასვლის საფეხურები წმ. მაქსიმე აღმსარებლის სწავლების მიხედვით; წმ. მაქსიმე აღმსარებელი: ესქატოლოგია და საყოველთაო გამოხსნა; წმ. მაქსიმე აღმსარებლის მემკვიდრეობა წმ. გრიგოლ პალამას შრომებში. ზოგიერთი დაკვირვება; წმ. მაქსიმე აღმსარებლის სწავლების რეცეფცია ვ. ნ. ლოსკის მემკვიდრეობაში; ევქარისტია, სულიერი ჭვრეტა და განღმრთობა წმ. მაქსიმე აღმსარებელთან; იმერეთის ეპისკოპოსის წმ. გაბრიელის (ქიქოძე) დადიანების სვანეთში მისიონერული მოღვაწეობის პერიოდის ზოგიერთი მოვლენა, რომელიც უკავშირდება ლეჩხუმის მაზრას; წმ. მაქსიმე აღმსარებელი, ასკეტური ლიტერატურის თარგმნის ბერ მაკარის (ივანოვი) დროინდელ (1788-1860) ოპტინურ პროექტში. აგრეთვე, ივან ხრისტოვმა და მღ. საბა კოკუდევმა წარმოადგინეს წმ. მაქსიმე აღმსარებლის საღვთისმეტყველო ენის თეზაურუსი.
კონფერენციაზე წარდგენილ იქნა, წმ. მაქსიმეს "თალასესადმი კითხვა-მიგების" რუსული თარგმანის ახალი სრული გამოცემა, რომელიც განახორციელა მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორმა ა. სიდოროვმა და, აგრეთვე, "ბერძნულ – საეკლესიო სლავური ლექსიკონი", რომელიც შეადგინა სოფიის უნივერსიტეტის პროფესორმა ი. ხრისტოვმა.
კონფერენციის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, გაგრძელდეს მუშაობა სამეცნიერო კრებულების გამოცემაზე, რომლებიც მიეძღვნება წმ. მაქსიმე აღმსარებლის ანთროპოლოგიურ და ზნეობრივ-ასკეტურ სწავლებას. ხაზი გაესვა ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას წმ. მაქსიმე აღმსარებლის საღვთისმეტყველო ენის თეზაურუსის შექმნაზე. კონფერენციის მონაწილეებმა გამოთქვეს მზადყოფნა შემდგომი აქტიური თანამშრომლობისა, ყველა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
კონფერენციის მონაწილეებმა ნაყოფიერად მიიჩნიეს წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საღვთისმეტყველო-სამეცნიერო ცენტრის საქმიანობა.

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
ივან ხრისტოვი
პოლ ბლაუერსი
პეტრე მალკოვი
პავლე დობროცვეტოვი
ვლადიმერ ცვეტკოვიჩი
მღ. ალექსანდრე დიაკოვაცი
მღ. საბა კოკუდევი
ია მელნიკოვა
ნატალია გოლოვნინა
მარიუს პორტარუ

Last Updated (Monday, 04 November 2019 07:48)

 

 SemoqmedebiTi