20 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრისა და საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანიზებით, ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართა გრიგოლ რობაქიძის 130-წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო.

საღამოზე მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა ისაუბრეს დიდი ქართველი მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.

გრიგოლ რობაქიძემ ცხოვრების დიდი ნაწილი სამშობლოდან შორს _ ემიგრაციაში გაატარა. გადახვეწის მიზეზი, მისივე თქმით, ბოლშევიკური დიქტატურა იყო. ბერლინში ყოფნის დროს მწერალმა გამოაქვეყნა "ჩაკლული სული", "ქალღმერთის ძახილი", 1939 წელს გამოვიდა რომანი "გრაალის მცველნი". ევროპულ პრესაში სისტემატიურად იბეჭდებოდა მისი ლექსები, ლიტერატურა და პოლიტიკური წერილები, ესეები.

გრიგოლ რობაქიძე სიცოცხლის ბოლომდე ყოველივე ქართულის და ეროვნულის ქომაგი იყო.

1935 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მწერალას "საბჭოთა მოქალაქეობა" ჩამოართვა. ამას ემატებოდა ისიც, რომ გრიგოლ რობაქიძის სახელი და შემოქმედება "საბჭოთა საქართველოში " აკრძალეს.

ემიგრაციაში მყოფ მწერალს არც მატერიალურად და არც სულიერად არ ულხინდა. სამწუხაროდ ისე გარდაიცვალა, რომ საქართველოში დაბრუნება ვერ მოახერხა.

გრიგოლ რობაქიძე დაიბადა 1880 წლის 28 ოქტომბერს, სოფელ სვირში. გარდაიცვალა 1962 წლის 1 ნოემბერს, ქალაქ ჟენევაში. 1976 წელს ქართველი ემიგრანტების _ ნინო და კალისტრატე სალიების _ თაოსნობით საფრანგეთში ლევილის ქართულ სასაფლაოზე გადაასვენეს.

 

 

 SemoqmedebiTi