2016 წლის 20 იანვარს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ორგანიზაცია ,,ყველა ერთისათვის“ თავმჯდომარის, პროგრამა ,,დამელოდეს“ წარმომადგენლის ნოდარ ბერიძის პრესკონფერენცია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და ფართო საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, ორგანიზაცია ,,ყველა ერთისათვის“ ახორციელებს ველოტურს ,,სპორტი მშვიდობისათვის“, რომელშიც ნოდარ ბერიძე მონაწილეობს.
პროექტი მოიცავს ევროპის, აზიისა და აფრიკის 50-ზე მეტი ქვეყნის 3500-ზე მეტ ქალაქსა და დაბას. იგი 850 დღე გაგრძელდება და მისი მანძილი დაახლოებით 50 000 კმ-ია. ბერიძის თქმით, ამ ტურში 10 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. აუდიტორია 500 მლნ-ზე მეტი ადამიანი იქნება. პროექტს 1500-ზე მეტი სატელევიზიო გადაცემა მიეძღვნება.
ველოტური ,,სპორტი მშვიდობისათვის“ 22 იანვარს 12:00 სთ-ზე დაიწყება და 2018 წლის 26 მაისს თბილისში დასრულდება.
ველოტურის მისიაა მშვიდობისა და ტოლერანტობის პროპაგანდა - ლეგენდარული ქართველი მოგზაურის ჯუმბერ ლეჟავას (გაეროს მშვიდობის დესპანი, ბუნების დაცვის ელჩი, მსოფლიო სპორტსმენი და ველომოგზაური, გინესის 14- გზის რეკორდსმენი) პროექტის გაგრძელება.
ველოტურის მიზნებია:
შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილის ფართოდ აღნიშვნა;
სპორტის , ჯანსაღი ცხოვრების წესის, ველოსპორტის და ველოტურიზმის პოპულარიზება;
ადამიანთა შორის დაკარგული კავშირების აღდგენა-საერთაშორისო პროგრამა ,,დამელოდე“;
ურთიერთობების დალაგების ხელშეწყობა აფხაზებთან, ოსებთან, რუსებთან...
თანამემამულეებსა და დიასპორებთან კავშირების გაფართოება;
სპორტული ტურიზმის ფედერაციის სკოლა-ბაზის და ჯ.ლეჟავას ველო-მუზეუმის გახსნა;
საერთაშორისო ფონდის ,,ყველა ერთისათვის“ შექმნა;
ფინიშისას თბილისში სპორტული აღლუმისა და მშვიდობის ოლიმპიადის ჩატარება.
ღონისძიებას მასმედიასთან ერთად საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სიტყვით გამოვიდნენ ჯამლეტ ხუხაშვილი (კომენტატორი), ომარ ფხაკაძე (უმცროსი, საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი) ემზარ კვიციანი (პოლიტიკოსი), თენგიზ გაჩეჩილაძე (,,ლელოს“ საპატიო რედაქტორი), ფერდინანდ ლორთქიფანიძე (აკადემიკოსი) და სხვ.

 

 SemoqmedebiTi