2015 წლის 19-23 ოქტომბერს საქართველოში წმ. მაქსიმე აღმსარებლისადმი  მიძღვნილი  V  საერთაშორისო საღვთისმეტყველო  კონფერენცია   ტარდება.
19 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში    წმ. მაქსიმე აღმსარებლისადმი  მიძღვნილი  V  საერთაშორისო საღვთისმეტყველო  კონფერენცია   გახსნა.
„გულითად მოგესალმებით საქართველოს ეკლესიის სახელით და პირადად ჩემი სახელით. წმიდა  მაქსიმე აღმსარებელი არის ის წმიდა მამა, რომლის შესახებ ძალზედ დაინტერესებული იყო მეცნიერება წარსულშიც და დღევანდელ დღესაც. ამ საკითხებს იკვლევდნენ ნიკო მარი, კორნელი კეკელიძე და სხვები, ასევე ჩვენი პატრიარქებიც. თანდათან ჩნდება, რომ  წმ. მაქსიმე აღმსარებელი  დასაფლავებულია საქართველოში. ეს, კიდევ ერთხელ, მიუთითებს, რამდენად  მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ძიება ამ მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ეს მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია შეიტანს დიდ წვლილს ამ ძიებაში.  კიდევ ერთხელ  გულითადად მოგესალმებით და გისურვებთ დიდ წარმატებას,  კონფერენციას გახსნილად  ვაცხადებ“ - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
კონფერენციის გახსნაზე  მისალმებელი  სიტყვით გამოვიდნენ:  ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი), დეკანოზი ანდრია ლაუთი - დარემის უნივერსიტეტის პროფესორი (ბრიტანეთი),  ავსტრალიის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი ბრონვინ ნილი (ავსტრალია), ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა,  წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის საქართველოს საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე,   საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი  როინ  მეტრეველი,   აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ წმ. სინოდის წევრები,  უნივერსიტეტების რექტორები,  მეცნიერები  და პროფესორები.
საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს საპატრიარქო, წმიდა მაქსიმე აღმსარებლის საერთაშორისო-საღვთისმეტყველო ცენტრი, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი,   საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი.



წმ. მაქსიმე აღმსარებლისადმი  მიძღვნილი   V  საერთაშორისო საღვთისმეტყველო  კონფერენციის  I სესია კორნელი კეკელიძის  სახელობის  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა

19 ოქტომბერს წმ. მაქსიმე აღმსარებლისადმი  მიძღვნილი   V  საერთაშორისო საღვთისმეტყველო  კონფერენციის  I სესია ჩატარდა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სადაც სხდომის თავმჯდომარე იყო ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე.  დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი).  კონფერენციაზე მოხსენებებით  წარსდგნენ:  დეკანოზი ბიძინა გუნია (გელათის მეცნიერებათა აკადემია) - „ღვთისმსახურების სახისმეტყველებითი განმარტება წმ. მაქსიმე აღმსარებლის მიხედვით“, იღუმენი დიონისე (შლენოვი) - მოსკოვის სასულიერო აკადემია  -  „გრძნობის ადგილი წმ. მაქსიმე აღმსარებლის სულიერ სწავლებაში“. ეთერ ქავთარაძე  (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) - „მასალები წმ. მაქსიმე აღმსარებლის  კვლევის ისტორიისათვის“.  
შეხვედრას ესწრებოდნენ  წმ. სინოდის წევრები, სხვა სასულიერო პირები, სხვადასხვა ქვეყნიდან  ჩამოსული სტუმრები და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.
საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს საპატრიარქო, წმიდა მაქსიმე აღმსარებლის საერთაშორისო-საღვთისმეტყველო ცენტრი, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი,   საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი.

კონფერენციის მიზანია მსოფლიო მნიშვნელობის წმინდანის მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრების და მოღვაწეობის წარმოჩენა, რომლის წმინდა ნაწილები საქართველოში (ცაგერში) იმყოფება. კონფერენციაში მონაწილეობენ  მეცნიერები  სხვადასხვა  ქვეყნიდან.




წმ. მაქსიმე აღმსარებლისადმი  მიძღვნილი   V   საერთაშორისო საღვთისმეტყველო  კონფერენციის  II  სესია   წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა



20 ოქტომბერს  წმ. მაქსიმე აღმსარებლისადმი  მიძღვნილი  V  საერთაშორისო საღვთისმეტყველო  კონფერენციის  II სესია ჩატარდა  წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის  ქართულ  უნივერსიტეტში.
კონფერენცია გახსნა და საპატიო სტუმრებს მიესალმა ქართული უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. მან მადლობა გადაუხადა სტუმრებსა და მონაწილეებს იმ უნივერსიტეტში მობრძანებისთვის, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის დაარსებულია, მაგრამ საეროა და აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს, რომლებიც ბოლონიის პროცესთან შესაბამისობით არის გათვალისწინებული. ბატონმა რექტორმა გამოხატა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების პატივისცემა სტუმრების მიმართ და საერთო სიხარული იმის გამო, რომ ქართული უნივერსიტეტი მასპინძლობს ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას და მსოფლიოში ცნობილ ისეთ მეცნიერებს, რომელებიც ამ კონფერენციაში მონაწილეობენ. მან ბრძანა, რომ წმიდა მაქსიმე აღმსარებლის მოღვაწეობის ბოლო პერიოდზე, საქართველოში მის ყოფნაზე ბევრს წერენ და საუბრობენ ღვთისმეტყველნი, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესოა უცხოეთიდან ჩამოსულ მეცნიერთა, ამ საქმის დიდ მცოდნეთა მოსაზრებების მოსმენა. საპატიოა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მისია, საპატიო მისია მეუფე სტეფანესი, რომელმაც ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში წარდგინების შემდეგ წმიდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გამართა და ყველაფერი გააკეთა, რომ მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ კიდევ ერთხელ გაიაზროს წმიდა მაქსიმე აღმსარებლის როლი მართლმადიდებელ ეკლესიაში და განსაკუთრებით, ბოლო პერიოდი - მისი მოღვაწეობა საქართველოში.

შემდეგ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმთავარმა, მეუფე სტეფანემ. იგი მიესალმა მასპინძლებსა და კონფერენციის მონაწილეებს, გამოხატა პატივისცემა უწმიდესისა და უნეტარესის მიმართ, რომლის სურვილითა და ლოცვა-კურთხევითაც დაიწყო საერთაშორისო კონფერენცია და დღემდე მისი პატრონაჟით მიმდინარეობს. შემდეგ მან ქართულ უნივერსიტეტს სამახსოვრო საჩუქრად გადასცა წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ხატი და კონფერენციის მასალებზე დაყრდნობით შედგენილი კრებული.

მოხსენებებით გამოვიდნენ: მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი, პროფესორი ანანია (ჯაფარიძე) – „ლაზიკაში არსებული ეპარქიების საეკლესიო იურისდიქციის საკითხი“; დეკანოზი ანდრია ლაუთი, დარემის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) – „წმიდა მაქსიმე აღმსარებელთან“; ბრონვენ ნილი, ავსტრალიის კათოლიკური უნივერსიტეტი (ავსტრალია) – „წმიდა მაქსიმე აღმსარებელი საღმრთო წინასწარმეტყველებისა და სიზმრების შესახებ“; დრაგისა ბოჟოვიჩი, მართლმადიდებლური კვლევების საერთაშორისო ცენტრი (სერბეთი) – „წმ. მაქსიმე აღმსარებელი სერბეთის შუა საუკუნეების სულიერებაში“.

საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს საპატრიარქო, წმიდა მაქსიმე აღმსარებლის საერთაშორისო-საღვთისმეტყველო ცენტრი, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  კავკასიის საერთაშორისო  უნივერსიტეტი,   საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი.

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დიდი ბრიტანეთის აკადემიის წევრს, თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, დარემის უნივერსიტეტის პროფესორს, დეკანოზ ანდრია ლაუთს უმასპინძლა.


20 ოქტომბერს წმ. მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი V საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის ფარგლებში, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დიდი ბრიტანეთის აკადემიის წევრს, თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, დარემის უნივერსიტეტის პროფესორს, დეკანოზ ანდრია ლაუთს უმასპინძლა. შეხვედრაზე პროფესორმა წარმართა ლექცია თემაზე: „მართლმადიდებელთა იდენტობა თანამედროვე მსოფლიოში“.
შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი), სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები და სასულიერო პირები.
შეხვედრის ბოლოს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ დეკანოზი ანდრია ლაუთი დააჯილდოვა თსუ მედლით წმ. მაქსიმე აღმსარებლის შრომების შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
დეკანოზი ანდრია ლაუთი მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. იგი მუშაობს ადრეული პატრისტიკისა და ბიზანტიური თეოლოგიის თემებზე. წარსულში ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ლექციებს კითხულობდა ლონდონის გოლდსმითის კოლეჯში და კემბრიჯის უნივერსიტეტში. ამჯერად, დეკანოზი ანდრია ლაუთი მიწვეული პროფესორია ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში და არის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სუროჟის ეპარქიის დეკანოზი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 SemoqmedebiTi