საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი აგრძელებს პროექტს “შემეცნებითი სასკოლო კლუბი“, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას, საქართველოს ისტორიის, კულტურის, რელიგიის და ქრისტიანული ხელოვნების უკეთ გაცნობას. “შემეცნებითი სასკოლო კლუბის“ ფარგლებში, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში (სამების ტაძარი, I სართული) ჩატარდება „შემეცნებითი საუბრების“ ციკლი ღვთისმეტყველებაში IX-XI კლასის მოსწავლეთათვის და მასწავლებელთათვის. საუბარს წარმართავენ მოწვეული სასულიერო პირები და მღვდელმთავრები. მოსწავლეები განხილულ საკითხებს დაამუშავებენ სამეცნიერო ნაშრომის, ესეს, ჩანახატის, ნახატის და ა.შ. სახით, თავიანთი ინტერესის შესაბამისად. მოეწყობა სასკოლო სამეცნიერო კონფერენცია. აქტიურად ჩართული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან წამახალისებელი პრიზებით და სიგელებით.