2015 წლის 2 აგვისტოს ილიაობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, საქართველოს საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილების ორგანიზებით, გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ანგელოზის (წმ. ილია წინასწარმეტყველისა და წმ. ილია მართლის) დღისადმი მიძღვნილი გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 2013 წელს ხალხური რეწვის ოსტატთა მიერ შესრულებული ქართველი მეფეების ვახტანგ VI -ისა და თეიმურაზ II-ის სამეფო სრული შესამოსელი და მეფეთა სარკოფაგების საფარებლები; ყოვლადწმიდა სამების ტრაპეზის გადასაფარებელი, ოქრომკედით ნაქარგობა, ქართული აბრეშუმის ბალიშები და თეთრეული, ხევსურული ნაქარგობა, საერო და საეკლესიო დანიშნულების ნივთები, სხვადასხვა შესამოსელი და აქსესუარები, ქართული თექა და ბატიკა, ხელნაკეთი თოჯინები, ხატები, თანამედროვე ოსტატების მიერ შესრულებული ხეზე ჭრისა და ქვაზე კვეთის ნიმუშები. მონაწილეობდნენ: წმ. სამების საკათედრო ტაძართან არსებული სამრევლო სკოლა, თბილისის სახელოსნოები, ეპარქიებში გახსნილი ხელსაქმის სკოლები და რეგიონებიდან სხვადასხვა ავტორები. გამოფენის გახსნას დაესწრო საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარე ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი). მეუფემ გამოფენის ორგანიზატორები და მონაწილეები დალოცა.

 

 SemoqmedebiTi