2015 წლის 4 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა მიტროპოლიტ თადეოზისადმი (იორამაშვილი) მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის „...და გათავდება ყველა ტკივილი...“ წარდგინება. სურათი, მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზის 36 წლიან ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. ფილმში გამოყენებული მასალა ჩაწერილია მეუფის გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე ლიტერატურული საზოგადოება „ვერკვლისციხელის“ მიერ. ფილმის ავტორია ჟურნალისტი თამარ თაგვაძე, რეჟისორი ირაკლი რობაქიძე, ოპერატორი გრიგოლ ხასიევი. იდეის ავტორები: მარინა ხარხელაური და გიორგი ფარეშიშვილი. ფილმი საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“, აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის და ლიტერატურული საზოგადოება „ვერკვლისციხელის“ ერთობლივი პროექტია. ღონისძიებას ესწრებოდნენ მანგლელი მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) და სხვა სამღვდელო პირები, ასევე, მწერლები, პოეტები, გამომცემლები, მეუფის ოჯახის წევრები და მეგობრები. მეუფე თადეოზის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს მარინა კოლხიდაშვილმა და დებმა ზვიადაურებმა. ფილმის წარდგინებასთან ერთად გაიმართა მიტროპოლიტ თადეოზის (იორამაშვილი) სახელობის ფონდის წარდგინება. ფონდის საპატიო თავმჯდომარე: მარიამ იორამაშვილი. ფონდი მოემსახურება როგორც საქველმოქმედო, ისე სოციალურ-ლიტერატურული და კულტურული ღონისძიებების ჩატარებას. ლიტერატურული საზოგადოება „ ვერკვლისციხელის “ და მიტროპოლიტ თადეოზის (იორამაშვილი) სახელობის ფონდისგან გადაეცათ მადლობის სიგელები: საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“, ფილმის ავტორს თამარ თაგვაძეს, აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს, CDD „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრს, გამომცემლობა „გრიფონს“, რეჟისორ მიხეილ კოჩაძეს, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრს და ცენტრის საორაგნიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელს გიორგი ფარეშიშვილს და პრესსამსახურის ხელმძღვანელს ნათია გოგუაძეს. ასევე, მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მეუფე თაადეოზის პირადი ნივთები და წერილები.

იხილეთ სურათები

 

 SemoqmedebiTi