2015 წლის 17 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შემეცნებითი საუბარი თემაზე: „წირვა-ლოცვის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში“. საუბარი წარმართა წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ბიძინა გუნიამ. „დღეს, ახალგაზრდებს ვესაუბრე წირვა-ლოცვის მნიშვნელობის შესახებ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. უფლისკენ სავალ გზაზე ადამიანი უნდა აცნობიერებდეს ყოველივე იმას, რასაც უფალი გვაუწყებს. ჩვენ უნდა ავიტანოთ ჩვენი ჯვარი გოლგოთაზე. მაგრამ ეს არ მოხდება წირვა - ლოცვაზე მონაწილეობის გარეშე, წეს - განგებების გარკვევის გარეშე, რაც სრულდება არა მარტო წირვა -ლოცვის, არამედ ნათლობის, ჯვრისწერისა და სხვა საიდუმლოებების დროს, რომელიც სწორედ იესო ქრისტეს მიერ არის დაწესებული თითოეული ადამიანის ცხონებისათვის. ამ თემას ერთი საუბარი არ ეყოფა. მომავალში შეიძლება ამ საუბრების ციკლი გავაგრძელოთ“- გვითხრა დეკანოზმა ბიძინა გუნიამ. შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარს ესწრებოდნენ პროექტ - „შემეცნებითი სასკოლო კლუბის“ მონაწილე თბილისის და რუსთავის სკოლები.

 

 SemoqmedebiTi