2015 წლის 16 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შემეცნებითი საუბარი თემაზე: „იესო ქრისტეს იგავები“. საუბარი წარმართა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა დოდო ღლონტმა. „დღევანდელი ჩემი საუბარი შეეხებოდა სახარების იგავების მნიშვნელობას. სახარებაში ორმოცამდე უფლის იგავია. აქედან სკოლაში რამდენიმე იგავი ისწავლება, მაგრამ ბევრ ბავშვს დააინტერესებდა ამ არაპროგრამირებულ იგავებთან დაკავშირებული საკითხები. დღეს უფლის იგავური ქადაგების ახსნა-განმარტება მივაწოდე ბავშვებს. გავაცანი მოწყალე სამარიტელისა და უძღები შვილის იგავებთან დაკავშირებული სხვა იგავები. ვთხოვე ეს იგავები წაეკითხათ სახლში. პარალელები გაევლოთ, განსახვავება და მსგავსებაზე გაემახვილებიათ ყურადღება. სხვა საკითხებსაც შევეხე. მაგალითად, რა მსგავსება და განსხვავებაა ალეგორიას, იგავსა და არაკს, მითსა და ანდაზას შორის. ჩვენ ვიცით, რომ იგავ-არაკი ერთი და იგივეა, მაგრამ იგავი სხვაა და არაკი სხვა. ბევრ ენაზე ალეგორია ქვია იგავს. ამის ცოდნა გამოადგებათ ბავშვებს არა მარტო ზოგადი განათლების თვალსაზრისით, არამედ ლიტერატურული ანალიზის, შეფასების დროსაც. საერთოდ მხატვრული ლიტერატურა ხომ მთლიანად იგავურია. ამას გარდა, ჩემი მთავარი მიზანია ბიბლიის მკითხველი გაიზარდოს. ბიბლიის მკითხველი ვერ იქნება კარგი მკითხველი თუ იგავთან დაკავშირებული ეს საკითხები არ ეცოდინება“. - გვითხრა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა დოდო ღლონტმა. შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარს ესწრებოდნენ პროექტ - „შემეცნებითი სასკოლო კლუბის“ მონაწილე თბილისის სკოლები. შემეცნებითი საუბრები იმართება ყოველდღე, 15:30 სთ-ზე, ოთხშაბათის და შაბათ -კვირის გარდა, ახალგაზრდული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში. დასწრება თავისუფალია.

 

 SemoqmedebiTi