2015 წლის 4 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა მიტროპოლიტ თადეოზის (იორამაშვილი) აუდიო დისკის „...და გათავდება ყველა ტკივილი…“ წარდგინება. დისკში შესულია მეუფის ლექსები და კომენტარები, რომელსაც თავად აკეთებს მის მიერვე წაკითხულ ლექსებზე. დისკი უნიკალურია, რადგან არის მეუფე თადეოზის უკანასკნელი აუდიო ჩანაწერი, გარდაცვალებამდე 3 კვირით ადრე, რომელიც სტუდიურად დამუშავდა.

პროექტის ავტორია ლიტერატურული საზოგადოება „ვერკვლისციხელი“ (მარინა ხარხელაური, გიორგი ფარეშიშვილი). ხმის რეჟისორია მიხეილ კოჩაძე.
პროექტის მხარდამჭერები არიან: განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი CDD; თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სტუდია „ბუ“ და სტუდია „გუთანი“.
ღონისძიებას უძღვებოდა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ფარეშიშვილი.
საღამოზე მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზი გაიხსენეს: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს ვიცე-წინამძღოლმა ქალბატონმა ია ბაგრატიონ - მუხრანელმა, პოეტებმა: ერეკლე საღლიანმა, თინათინ მღვდლიაშვილმა, ტარიელ ხარხელაურმა, გიგი ხორნაულმა, სასულიერო პირებმა, ოჯახის წევრებმა. საგალობლები შეარულეს ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმის გუნდმა, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ანსამბლმა „იავნანა“. მეუფის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს დებმა ზვიადაურებმა და ქალბატონმა მარინა კოლხიდაშვილმა. საღამოზე მსურველებს შეეძლოთ აუდიო დისკის შეძენა, რომელიც მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა შესრულებული და შეზღუდული ტირაჟით გამოიცა.
შემოსული თანხა მოხმარდება საქველმოქმედო ღონისძიებებს მეუფის სულის მოსახსენებლად.

 

 SemoqmedebiTi