2014 წლის 26 დეკემბერს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა გამოფენა „საქართველოს მინერალები და სამშენებლო ქვები“, რომელიც ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო. გამოფენის გახსნას დაესწრნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი), თსუ-ს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბეჟან თუთბერიძე. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული მადნეული და არამადნეული საბადოებიდან მოპოვებული მინერალების კოლექციები, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვები, სულ 150-მდე ნიმუში, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საცავებსა და მუზეუმშია დაცული. გამოფენის მიზანია, მათი ფართო საზოგადოებისათვის წარმოჩენა, რომელთაც გარდა ესთეტიკური და პრაქტიკულ-გამოყენებითი ღირებულებისა საგამანათლებლო დატვირთვაც გააჩნია. დამთვალიერებელს კონსულტაციას გაუწევენ თსუ-ს გეოლოგიის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი, მაგისტრანტები და დოქტორანტები. მინერალების გამოფენა ეწყობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. ექსპოზიცია გაგრძელდება 29 დეკემბრამდე .

 

 SemoqmedebiTi