23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) გაიხსნა ფოტო-გამოფენა "საგანძური". 
"ახალგაზრდობას უნდა ჰქონდეს საშუალება იცოდეს, რისი პატრონები ვართ". _ უწმიდესი და უნეტარესი ილია II.  
ფოტო-გამოფენა "საგანძური" უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს -  პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების 33 - წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელშეწყობით შეიქმნა და წარმოადგენს ალტერნატიულ, ორიგინალურ საშუალებას ქართული ქრისტიანული კულტურის უძველესი შედევრების ექსპონირებასა და პოპულარიზაციისათვის. 
ფოტო-გამოფენის პირველი ექსპოზიცია და აპრობაცია განხორციელდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის დანიელის ინიციატივითა და ხელშეწყობით ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში.

პროექტის მიზანია:

• მეტი ინფორმაცია _ ცოდნა შესძინოს და ბევრი ადამიანი აზიაროს ქართული სულიერებისა და მატერიალური კულტურის უწმიდეს საგანძურს;
• უკეთ წარმოჩინდეს ამ სიწმინდეებში დავანებული ქართული ხელოვნების სხვადასხვა დარგის უმაღლესი ხარისხი და ხელი შეუწყოს ამ ხარისხის დამკვიდრებას თანამედროვე ხელოვნებაში.
• უკეთ წარმოჩინდეს ამ მატერიალური ძეგლების საშუალებით ჩვენამდე მოსული ინფორმაცია ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ;
• მეტი ძალისხმევა შემატოს ამ შედევრების შექმნისა და ისტორიის ახლებურ კვლევას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია II, მღვდელმთავრები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მაღალჩინოსანი პირები, საგანმანათლებო და კულტურული დაწესებულების წარმომადგენლები.
გამოფენა გაგრძელდება 28 დეკემბრამდე.

 

 SemoqmedebiTi