2023 წლის 24 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის აღსაყდრებიდან 46-ე და დაბადებიდან 91-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო.
ღონისძიებაში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით შექმნილი 30-მდე სამრევლო სკოლა მონაწილეობდა.
მონაწილეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საგალობლებით, ლექსებით, მუსიკალური ნომრებითა და თეატრალური წარმოდგენით წარდგნენ.
ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა გახსნა, რომელმაც საქართველოს ეკლესიის მეთაურის ღვაწლზე ისაუბრა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, რომელმაც საქართველოს ეკლესიის მეთაურს აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავი მიულოცა და დღევანდელი ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე საკვირაო სკოლების ხელმძღვანელები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში სამრევლო სკოლების მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენაც მოეწყო.
აღსანიშნავია რომ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საკვირაო სკოლები 10 წლის წინ დაარსდა. ამ დროისთვის მცხეთა-თბილისის ეპარქიაში 130-მდე საკვირაო სკოლა ფუნქციონირებს.
ღონისძიება კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულთა გუნდმა დახურა.