2023 წლის 8 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრსა და ქ. თბილისის საჯარო სკოლებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა მოსწავლეებისა და მასწავლებლების შეხვედრა ცნობილ ფიზიკოსთან, თსუ-ს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ თეიმურაზ ნადარეიშვილთან.
მოხსენება თემაზე: „ფიზიკა ყველასათვის“.
შეხვედრა გახსნა ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, დეკანოზმა ბიძინა გუნიამ. მან, ასევე, ისაუბრა ამ შეხვედრების მნიშვნელობაზე.
თეიმურაზ ნადარეიშვილმა მოსწავლეებს აუხსნა ფიზიკის მნიშვნელობა და ადგილი სხვა სამეცნიერო დარგებს შორის. ასევე, განმარტა თუ რა სფეროებს მოიცავს თანამედროვე ფიზიკა. პოპულარულ ენაზე ისაუბრა მექანიკაზე, ელექტრომაგნეტიზმზე, მოლეკულურ ფიზიკაზე, ელემენტარულ ნაწილაკებზე, ოპტიკაზე, ველის თეორიაზე, შავ ხვრელებზე და სხვა აქტუალურ თემებზე. განიხილა ფიზიკის თანამედროვე კვლევის მიმართულებები და მსმენელებს გააცნო თანამედროვე შეხედულებები გრავიტაციულ ტალღებზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს, და მრავალი სხვა.
მსგავსი შეხვედრები შედგება ყოველ ოთხშაბათს, 15:00 სთ-ზე,საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში.
აღნიშნული ღონისძიებები ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებს.