წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი მეექვსე საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია

 

2017 წლის 23-28 ოქტომბერს საქართველომ მეექვსე საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც წმინდა მაქსიმე აღმსარებელს მიეძღვნა. წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია პირველად 2005 წელს გაიმართა და მას შემდეგ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. კონფერენციის მიზანია მსოფლიო მნიშვნელობის წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრების და მოღვაწეობის წარმოჩენა, რომლის წმინდა ნაწილები ინახება ცაგერის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახ. მონასტერში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნიდან. საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს საპატრიარქო, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საერთაშორისო-საღვთისმეტყველო ცენტრი, კორნელი კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტი, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი. მხარდამჭერები: საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება", განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (DD), საქართველოს საპატრიარქოს რადიო "ივერია". წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II გახსნა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ახალგაზრდულ ცენტრში წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბევრი უფიქრია რა შეიძლება გავაკეთოთ კიდევ მაქსიმე აღმსარებლის ღვაწლის აღსანიშნავად. „რამდენიმე დღის წინ ჩემთან იყო მუსლიმანური სასულიერო პირი და მან მითხრა, რომ მუსლიმანურ წიგნებში წერია ასეთი რამ: – მსოფლიოში არსებობს სამი ქვეყანა, რომელიც დაჯილდოებულია განსაკუთრებული მადლით, ეს არის ქუმი, ერაყი და საქართველო. მართლაც საქართველო ბრწყინავს თავისი სულიერებით, თავისი წმინდანებით. მე ბევრი მიფიქრია იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ კიდევ მაქსიმე აღმსარებლის ღვაწლის აღსანიშნავად. იქნება გვეფიქრა უმაღლესი სკოლის დაარსებაზე ლეჩხუმში, იქნება გვეფიქრა სასტუმროს აშენებაზე და კიდევ სხვა რამეზე, რომელიც მოიზიდავს მომლოცველებს და მეცნიერებს ამ წმინდა ადგილზე”, – ბრძანა უწმინდესმა. საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია 23 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიხსნა (წმინდა სამების საკათედრო ტაძარი). 17:00 სთ-ზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში გაიმართა კონფერენციის პირველი სესია. 24 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე, წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის მეორე სესია გაიმართა საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტში. 16:00 სთ-ზე კონფერენციის მესამე სესიას უმასპინძლა კორნელი კეკელიძის სახ. ხელნაწერთაეროვნულმა ცენტრმა. 25 ოქტომბერს, საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის მონაწილეეებმა და სტუმრებმა ქუთაისის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს. ასევე ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი მოილოცეს. ამავე დღეს გაემგზავრნენ ცაგერში. 19:30 სთ-ზე, მიტროპოლიტმა სტეფანემ წმ. მაქსიმე აღმსარებლის წმ. ნაწილებთან პარაკლისი გადაიხადა. 26 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე,წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის მეოთხე სესია გაიმართა ცაგერიის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში. ამავე დღეს 16:00 სთ-ზე, კონფერენციის მეხუთე სესია ლენტეხის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში ჩატარდა. 27 ოქტომბერს, 9:00 სთ-ზე, ცაგერის ღვთისმშობლის შობის სახ. საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა სტეფანემ წირვა აღავლინა. 17:00 სთ-ზე, ცაგერში საღვთისმეტყველო კონფერენციის მონაწილეებისთვის და სტუმრებისთვის გაიმართა კონცერტი. კონფერენციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე; საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე; კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე; ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი); რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი); დეკანოზი ბიძინა გუნია; ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, დეკანოზი ანდრია ლაუთი; სოფიის წმ. კლიმენტი ოჰრიდელის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ივან ხრისტოვი; წმ. ტიხონის სახ. მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის წარმომადგენელი ია მელნიკოვა; მოსკოვის სასულიერო უნივერსიტეტი, იღუმენი დიონისე შლენოვი; წმ. ტიხონის სახ. მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის წარმომადგენელი პეტრე მალკოვი; მოსკოვის სასულიერო აკადემიის წარმომადგენელი პავლე დობროცვეტოვი; წმ. ტიხონის სახ. მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის წარმომადგენელი ნატალია გოლოვნინა. 28 ოქტომბერს, 15:00 სთ-ზე, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში (წმინდა სამების საკათედრო ტაძარი) გაიმართა წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის დასკვნითი პრესკონფერენცია. კონფერენციის მონაწილეებმა წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი კონფერენციის დასკვნითი ტექსტი შეიმუშავეს, რომელიც შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მიტროპოლიტმა სტეფანემ გააცნო შეკრებილ საზოგადოებას.
თბილისი-ცაგერი-ლენტეხი 2017 წლის 23-28 ოქტომბერი წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კონფერენციები იმართება 2005 წლიდან. კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საერთაშორისო საღვთისმეტყველო-სამეცნიერო ცენტრი, . კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი. VI საერთაშორისო კონფერენციის მომზადებასა და ჩატარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხელმძღვანელობდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი). კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ღვთისმეტყველები, პატროლოგები, საეკლესიო ისტორიკოსები, ფილოლოგები, რომლებიც სწავლობენ წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებასა და შემოქმედებას: რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) (გელათის მეცნიერებათა აკადემია, საქართველო), ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) (წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახ. ცაგერის სასულიერო სემინარია, საქართველო), დეკანოზი ანდრია ლაუთი (ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემია, დარემის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი), დეკანოზი ბიძინა გუნია (გელათის მეცნიერებათა აკადემია, საქართველო), ივან ხრისტოვი (წმ. კლიმენტი ოჰრიდელის სახ. სოფიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბულგარეთი), პავლე დობროცვეტოვი (მოსკოვის სასულიერო აკადემია, სრეტენკის სასულიერო სემინარია, რუსეთი), პეტრე მალკოვი (წმიდა ტიხონის სახ. მოსკოვის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, რუსეთი), ია მელნიკოვა (წმიდა ტიხონის სახ. მოსკოვის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, რუსეთი), ნატალია გოლოვნინა (წმიდა ტიხონის სახ. მოსკოვის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, რუსეთი). მოხსენებები მიეძღვნა წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებისა და შემოქმედების სხვადასხვა ასპექტს. კონფერენციის გახსნისას უწმინდესმა და უნეტარესმმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II- დალოცა კონფერენციის მონაწილეები და მიმართა მათ სიტყვით, რომელშიც დაამოწმა წმიდა მაქსიმეს სულიერი და აღმსარებლობითი ღვაწლის განსაკუთრებული მნიშვნელობა, აგრეთვე, აღნიშნა წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საერთაშორისო საღვთისმეტყველო-სამეცნიერო ცენტრის როლი წმიდა აღმსარებლის მემკვიდრეობის შესწავლის საქმეში. უწმინდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II- ხაზი გაუსვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების შექმნის აუცილებლობას ცაგერში, როგორც სამეცნიერო და საღვთისმეტყველო მოღვაწეობის განვითარების ბაზისა რეგიონში. კონფერენციის სხდომები გაიმართა თბილისში, ცაგერსა და ლენტეხში. კონფერენციის მონაწილეებმა თაყვანი-სცეს წმ. მაქსიმე აღმსარებლის წმიდა ნაწილებს მისივე სახელობის მონასტერში ცაგერში, სადაც აღესრულა პარაკლისი. კონფერენციის მონაწილეთა მოხსენებებს თან სდევდა ცოცხალი სამეცნიერო დისკუსიები, აზრთა ურთიერთგაზიარება წამოწეულ თემებთან დაკავშირებით. კონფერენციის მონაწილეებმა მიულოცეს უწმინდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ეს აღსაყდრების 40 წლის იუბილე და მზადყოფნა გამოთქვეს ყოველმხრივ ხელი შეუწყონ მისი ლოცვა-კურთხევის აღსრულებას, რომელიც შეეხება უმაღლესი სამეცნიერო სკოლის შექმნას ცაგერში. ამ საქმეში მზად არიან მიიღონ აქტიური მონაწილეობა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საერთაშორისო საღვთისმეტყველო-სამეცნიერო ცენტრმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიამ, . კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა, წმ. კლიმენტი ოჰრიდელის სახ. სოფიის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, წმ. ტიხონის სახ. მართლმადიდებელმა ჰუმანიტარულმა უბნივერსიტეტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პატროლოგიურმა ცენტრმა. კონფერენციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ეპოქაში თავისუფალი ნება, მოქმედება და უფლებები მუდმივად დეკლარირდება თავისუფლების პრინციპის სახით. ეს აქტუალურს ხდის ეკლესიის პასუხისმგებლობას ამ საკითხების გაშუქებისას წმიდა წერილისა და წმიდა მამების სწავლების საფუძველზე. ამ გზით რეალიზდება მისი მისია სამყაროსა და თითოეული ადამიანის მიმართ. ქრისტიანული ანთროპოლოგიის სწავლება ადამიანის ნებასა და ნებელობაზე, ადამიანის ბუნებრივსა და გნომურ ნებას შორის განსხვავებაზე, ლოგოსისა და ტროპოსის ურთიერთმიმართებაზე თითოეულ პიროვნებას საშუალებას აძლევს, ნათლად დაინახოს თავისი რეალური მდგომარეობა წინაშე ღვთისა, ადამიანებისა და საკუთარი სინდისისა. ამ მხრივ განსაკუთრებულ ღირებულებასა და აქტუალურობას იძენს ღირსი მამის მაქსიმე აღმსარებლის სწავლება. აგრეთვე, კონფერენციის მონაწილეებმა გამოთქვეს ორი სამეცნიერო კრებულის გამოცემის სურვილი, რომლებიც მიეძღვნება წმ. მაქსიმე აღმსარებლის ანთროპოლოგიურ და ზნეობრივ-ასკეტურ სწავლებას. მათში, თანამედროვე და უბრალო მორწმუნისთვის გასაგებ ენაზე უნდა აისახოს წმიდა აღმსარებლის საღვთისმეტყველო მემკვიდრეობის აზრი, აქტუალობა და სიღრმე. ხაზი გაესვა, აგრეთვე, წმ. მაქსიმე აღმსარებლის საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის ლექსიკონის შექმნის აუცილებლობას. კონფერენციის მონაწილეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობისა, ამ და სხვა, ზემოთ ჩამოთვლილ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. კონფერენციის მონაწილეებმა ნაყოფიერად მიიჩნიეს წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საღვთისმეტყველო-სამეცნიერო ცენტრის საქმიანობა. რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) დეკანოზი ანდრია ლაუთი დეკანოზი ბიძინა გუნია ივან ხრისტოვი პავლე დობროცვეტოვი პეტრე მალკოვი ია მელნიკოვა ნატალია გოლოვნინა

 

 

 

Last Updated (Monday, 30 October 2017 14:16)

 

 SemoqmedebiTi