2016 წლის 14 ნოემბერს რუსთავის სიონის სამრევლო სკოლა „მთაწმიდელის“ ორგანიზებით საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა გამოფენა, რომელიც მიეძღვნა შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სკოლა „მთაწმიდელის“ ხატვისა და კალიგრაფიის სექციის 8-დან 12 წლამდე ასაკის მოსწავლეთა ნამუშევრები. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ამავე სკოლის ანსამბლებმა.
ღონისძიებას დაესწრო რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი). გამოფენის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა მეუფეს 70 წლის იუბილე მიულოცეს.
ღონისძიება მიზნად ისახავს მოზარდი თაობის დაინტერესებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობით, მათში ეროვნული ღირებულებებისადმი პატივისცემის გაღვივებას, მსოფლიო საგანძურის - „ ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაციას .
რუსთავის სიონის სამრევლო სკოლა „მთაწმიდელი“ მრავალპროფილიანი კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 2009 წლიდან უზრუნველყოფს სასკოლო ასაკის მოზარდებში სკოლისშემდგომი დამატებითი განათლების მიღებას, ზრუნავს ახალგაზრდობის სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებაზე. ეწევა ეროვნული და ქრისტიანული კულტურის პროპაგანდას მოზარდ თაობაში და ხელს უწყობს შემოქმედებით ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების პოტენციური შესაძლებლობლების გამოვლენა-განვითარებას. სკოლის აღზრდილი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა საქალაქო და რესპუბლიკურ ღონისძიებებში. სასწავლო პროცესში ჩართული არიან სასულიერო პირები, რომლებიც მოსწავლეებს ქრისტიანულ საფუძვლებსა და ზნეობრივ ღმრთისმეტყველებაზე ესაუბრებიან. სკოლა დაფუძნდა რუსთავის მიტროპოლილიტი იოანე გამრეკელის ლოცვა-კურთხევით.

 

 SemoqmedebiTi