8 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრისა და საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანიზებით, ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართა ცნობილი ქართველი პოეტის მურმან ლებანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.

საღამოზე მწერლებმა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა ისაუბრეს პოეტის შემოქმედებით მოღვაწეობაზე.

მურმან ლებანიძე დაიბადა 1922 წლის 14 ნოემბერს, დაბა აღსთაფაში. 1940 წელს, საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1948 წელს. მეორე მსოფლიო ომმა სწავლა გააწყვეტინა და 19 წლისამ ჯერ კავკასიის უღელტეხილზე წარმოებულ ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ _ ყუბანში. 1943 წელს მძიმე ჭრილობის გამო დაბრუნდა თბილისში. 1948 წელს დაოჯახდა. მისი მეუღლე გახდა ელენე ჭავჭავაძე

მურმან ლებანიძის შემოქმედების წყარო სათავეს იღებს ქართული კლასიკური ლექსიდან და ხალხური ხელოვნებიდან. მისი ერთობ ორიგინალური ძიებანიც მუდამ ემყარება წინაპარ თანამოკალმეთა ტრადიციებს. პოეტის ლექსს ახასიათებს სიტყვის მოქნილობა, ეფექტურობა და რითმის დინამიურობა

მურმან ლებანიძე მუდამ საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრში ტრიალებდა. მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პატრიოტიზმის, სიცოცხლის, სიკეთის, სიყვარულისა და მეგობრობის თემები.

       მურმან ლებანიძე გარდაიცვალა 2002 წლის 17 აგვისტოს. პოეტმა თავისი შემოქმედებითი სხივით წარუშლელი ნათელი დატოვა ქართულ ლირიულ პოეზიაში.

 

 SemoqmedebiTi